ხმაური დარიალის ხეობაში - პოლიციამ "დროას" წევრებს ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
დაძაბულია ვითარება დარიალის ხეობაში, სადაც ,,დროას" ლიდერებსა და უკრაინის მოქალაქეებს პოლიცია ლარსის საზღვართან მიახლოების უფლებას არ აძლევს. ოპოზიციური პარტიის წევრები და მომხრეები საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იმყოფებიან. სამართალდამცველები თბილისიდან საგანგებოდ ჩასულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ საპროტესტო აქციის ჩაატარების უფლებას არ მისცემენ.
აქედან ლარსის სასაზღვრო პუნქტამდე დაახლოებით 1 კილომეტრია. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადავაადგილდეთ. ასევე გვაქვს შეკრებისა და გამოხატვის უფლება.
პოლიციას ჩვენ შევთავაზეთ, რომ გადავალთ და ისეთ ადგილას დავდგებით, სადაც მოძრაობას არ შევაფერხებთ. უბრალოდ გვინდა, ახლოს მივიდეთ ლარსის გამშვებ პუნქტთან და იქ ჩავატაროთ აქცია. ესენი კი დაგვიდგნენ ბანერების წინ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
პოლიცია აცხადებს, რომ გადატვირთული გზის გამო ,,დროას" ვერ მისცემს უფლებას, აქცია ჩაატაროს.