პირდაპირ გეტყვით, დასავლეთი პრორუსი ბიზნესმენის, ხიდაშელის, ინფორმაციას დეტალურად სწავლობს - ელენე ხოშტარია
პრორუს ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან გაფორმებული ბიზნესგარიგების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, მოხვდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში?
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თვლიან, რომ ახალი ბიზნესგარიგებით, რომელიც ევტუშენკოვის მარჯვენა ხელთან გააფორმა, ოლიგარქმა პრაქტიკულად დაადასტურა კავშირები კრემლთან.
ოპოზიცია დასავლეთთან კონსულტაციებს იწყებს, მიაწვდის ყველა დოკუმენტს, რომლითაც ივანიშვილის რუსული კავშირები დადასტურდება.
დავით ხიდაშელის კონტაქტი ბიძინა ივანიშვილთან ცხადი იყო, თუმცა ერთობლივი ბიზნესის წამოწყება არის ის კავშირი, რომელიც კიდევ უფრო დამაფიქრებელია და კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იქნება ევტუშენკოვისა და ბიძინას კონტაქტების.
შესაბამისად, ცხადია, ამ ინფორმაციებს ვაწვდით ჩვენს პარტნიორებს. ხიდაშელი არის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ფიგურა კრემლის გარშემო, საქართველოსთან დაკავშირებული, რომელსაც, პირდაპირ გეტყვით, დეტალურად სწავლობენ.
ევტუშენკოვთან ივანიშვილის კავშირი იყო სანქციებისთვის წითელი ხაზი, ხიდაშელი კი იქნება, რა თქმა უნდა, დამატებითი არგუმენტი - ამბობს ,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია.