ხელისუფლების დუმილი გაუგებარია - ბუაძე რუსეთის ბრალდებებზე
ოპოზიცია რუსეთის ბრალებებთანდ აკავშირებით ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს. საუბარია "ეფესბეს" განცხადებაზე, რომელმაც საქართველო ყირმის ხიდის აფეთქების ტერაქტში თანამონაწილედ გამოაცხადა.
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დუმილი საქმეს უფრო ბუნდოვანს ხდის.
სრულიად გაუგებარია, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ დუმს საქართველო და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ძალიან სერიოზულ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ინფორმაცია, ან დადასტურება ან უარყოფა საქართველოს მოქალაქეების ამ ფაქტში მონაწილეობის, - ამბობს ბუაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დღეს დილით გამოაქვეყნა.
"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით, ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.