ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ივანიშვილს, ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში - კობახიძე
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირება არის უკრაინის ხელსუფლების მცდელობა და შანტაჟი, ჩაითრიონ ჩვენი ქვეყანა ომში და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნევინონ.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინა არ იცნობს ბიძინა ივანიშვილს და ვერანაირი შანტაჟი მას ვერ აიძულებს, მოვიდეს პოლიტიკაში და ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დამანგრეველ ომში ჩართოს.
ძალიან მარტივი, ლოგიკური დასკვა შეგვიძლია, გამოვიტანოთ ამ ნაბიჯიდან. ერთი მხრივ უშიშროების საბჭო, მისი მდივანი მოგვიწოდებენ მეორე ფრონტის გახსნისკენ.
გახსოვთ ალბათ უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის, მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ზუსტად იგივე უწყება აშანტაჟებს ქვეყანას პრაქტიკულად სანქციებით.
ანუ მიზანი ეს არის. იქ არის მოხსენიებული კონკრეტული ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თქვენ იცით, ამას რა რიტორიკა უძღოდა წინ და არ არის ამის კონტექსტი- ეს არის მცდელობა, ქვეყანა ჩაითრიონ ომში.
ანუ, რასაც გვეუბნებიან პირდაპირი ფორმით, სიტყვებით, ახლა იმას ცდილობენ შანტაჟის გზით.
ასე მგონია, ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა. მე მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს.
ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. პირდაპირი მცდელობა იყო, რაც ივანიშვილმა დააფიქსირა თავის წერილში, რომ შანტაჟით აიძულებდნენ, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, ქვეყანა კი ომში ჩაერთო. ახლა კი პირდაპირი მცდელობაა, რაც იყო კულისებს მიღმა, გამოიტანეს კულისებიდან.
რა თქმა უნდა, ვერანაირი შანტაჟით ისინი ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში.
ბრძანებას ხელ აწერს უკრაინის პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოსაც ის ხელმძღვანელობს, თავის დროზე ელჩის გაწვევის ბრძანებაც მისგან მოდიოდა.
ვერ გეტყვით, დაასანქცირებენ თუ არა უკრაინელები თავად ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ერთს ვიტყვი, საქართველოს ვერავინ ჩართავს ომში და ვერავინ აიძულებს საქართველოს, გახსნას დამანგრეველი მეორე ფრონტი. - განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.