გაოცებული ვარ - მოქმედი მოსამართლე ლევან მურუსიძეს პასუხობს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე ლევან მურუსიძის სკანდალურ განცხადებებს პასუხობს.
მოქმედი მოსამართლე გაოცებულია იმ ფაქტით, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც შენობების მეტი არაფერი დაამახსოვრდათ ამერიკაში ვიზიტებიდან.
,,სიამოვნებით ვივლიდი აშშ-ში ექსკურსიებზე, თუმცა ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რაც ამ სასწავლო ვიზიტებით შევიძინე, მათ შორის, გამოცდილების გაცვლით და პროცესებზე დასწრებით. ბოლო ვიზიტის დროს 8-დან საღამოს 7 საათამდე, ყოველდღე პროცესებს ვესწრებოდით და ამერიკელ კოლეგებს ვხვდებოდით. მაოცებს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც შენობების მეტი არაფერი დაამახსოვრდა ამ ვიზიტებით, იმედია, ასეთები უმცირესობაში არიან.
მადლობა ყველა იმ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, ვინც წლებია იღწვის და უამრავ რესურსს ხარჯავს ქართული სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და იმ ეტაპამდე მივალთ, რომ ექსკურსიებზე სიარულიც საკმარისი იქნება.“ - წერს მოსამართლე ეკა არეშიძე.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნებული ლევან მურუსიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს ესხმის. მისი მტკიცებით, ამერიკაში ქართველი მოსამარლები არა სასწავლებლად, არამედ ექსკურსიებზე დადიან და შენობებს ათვალიერებენ.