იმ ადამიანებთან, ვინც ოკუპანტებისგან ფულს იღებს, სადებატო არაფერი გვაქვს - ანრი ოხანაშვილი
შედგება თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოლიტიკური დებატები ევროკავშირის წევრობის საკითხზე? ,,ქართულ ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც ბრიუსელში შეხვედრებს მართავდნენ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ და შესაბამისად, მმართველ გუნდს არ სურს, მათთან ერთად დებატებში მონაწილეობა მიიღოს.
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ქვეყანასა და ხალხს სდებენ ბრალს იმაში, რომ თითქოს ჩვენ არ მივისწრაფვით ევროპისკენ.
ახლა ისინი უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დადიან, სადაც საქართველოს საწინააღმდეგო აგიტაციასა და კამპანიას ეწევიან. ეს არის სამარცხვინო საქციელი.
ის ადამიანები, როლებიც ოკუპანტისგან ფულს იღებენ, რომლებიც თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევიან, ამ ადამიანებთან ჩვენ სადებატო არაფერი გვაქვს. - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ანრი ოხანაშვილი.
ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებას" დებატებში იწვევს. ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ ქვეყანა სტატუსს ვერც 2023 წელს მიიღებს, - აცხადებენ ,,გირჩი მეტი თავისუფლების", ,,სტრატეგია აღმაშენებლისა" და ,,დროას" ლიდერები.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროპა საქართველოში პირობების შესრულების პერსპექტივას ვერ ხედავს და პროგნოზი დამაიმედებელი არ არის. ამიტომაც პოლიტიკოსები სთავაზობენ ,,ქართულ ოცნებას", რომ ტელედებატების ფორმატში ყველა პუნქტი სათითაოდ განიხილონ, თუ რა სრულდებაა და რა არის კიდევ საჭირო.