"ოპოზიციას პოლიტიკური ტრავმა აქვს, შურისძიება ამოძრავებს, დეოლიგარქიზაციის კანონი უნდოდათ გამოეყენებინათ"- თალაკვაძე
პარლამენტმა ხმაურიანი კანონპროექტის განხილვა დაიწყო - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი იურიდიული კომიტეტის დღის წესრიგში მესამე საკითხია.
ცოტა ხანში მწვავე პოლიტიკურ დებატებს სწორედ ამ კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან.
ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ტრავმა აქვს და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებს".
მისივე განცხადებით, ოპოზიციას სურდა, დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, მაგრამ "შემდეგ პოტენციური ოლიგარქები საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს".
ერთადერთი მოთხოვნა და მოლდინი ჰქონდა - პარლამენტს მიეღო კანონი, სადაც მხოლოდ სახელი და გვარი იქნებოდა ჩაწერილი. ეს არის მათი პოლიტიკური ტრავმა, მათ მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებთ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ეს რადიკალური ოპოზიცია გაისტუმრა ხელისუფლებიდან, გაისტუმრა არჩევნებით, მშვიდობიანად, იმის მიუხედავად, რომ მშვიდობიანად ძალაუფლების დათმობას არ აპირებდნენ.
ამ კანონშიც დაინახეს საშუალება, რომ პოლიტიკური შურისძიებისთვის გამოეყენებინათ, თუმცა, ძალიან მოკლევადიანი გათვლები ჰქონდათ, მათ საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს უკრაინული კრიტერიუმების გათვალისწინებით რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი"- თქვა თალაკვაძემ.