დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპეკულაციებსა და მანიპულაციებს წერტილი დავუსვით - ოხანაშვილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპეკულაციებსა და მანიპულაციებს წერტილი დაუსვეს.
ამასთან ოხანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხი ისეთ ფენომენს ეხება, რომელთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო რეგულირება ერთადერთ ქვეყანას - უკრაინას გააჩნია.
დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი ამოცანაა, ერთის მხრივ, 12-პუნქტიან გეგმის კონკრეტულად ეს ჩანაწერი შევასრულოთ და მეორე მხრივ, პოლიტიკურ სპეკულაციებსა და მანიპულაციებს დავუსვათ წერტილი. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული სტრუქტურების მხრიდან უკრაინასთან მიმართებით გაკეთდა მოწოდება მათ მიერ მიღებული კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ობიექტურ საზომად უკრაინული მოდელის გაცნობა, განხილვა და გაანალიზება იქნა მიჩნეული. სწორედ ამიტომ ჩვენ უკრაინული მოდელი განვიხილეთ. საბოლოოდ, სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა იმ საკითხზე, მათ შორის, განსხვავებული აზრების ფარგლებშიც, რომ წარმოგვედგინა კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა.
ხდება მანიპულირება, თუ რა იგულისხმება და ვინ იგულისხმება ოლიგარქში - თურმე კონკრეტული პირი მოიაზრა 12-პუნქტიან გეგმაში ევროპულმა სტრუქტურამ“, - დასძინა ანრი ოხანაშვილმა.