"არ ვაპირებთ თავის დამცირებას და ვინმესთვის რამეს ხვეწნას" - "მთავარი" პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას არ აპირებს
"მთავარი არხი" არ აპირებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართოს. ამის შესახებ "ტვ პირველს" გიორგი გაბუნიამ განუცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებას დამოუკიდებლად ვერ გაბედავს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი ბიძინა ივანიშვილი იღებს.
სალომე ზურაბიშვილი ვერ გაბედავს... (დამოუკიდებელი, ობიექტური იყოს). ეს ნიკა გვარამიასაც საჯაროდ რომ არ განეცხადებინა, მე და ჩვენი ტელევიზია არ აპირებს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მივმართოთ. ეს მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს და თვითონ უნდა მიხვდეს წესით. ის რომ თვითონ წყვეტდეს, მაშინ აზრი ექნებოდა ჩვენს მიმართვას. როცა დასჭირდება, ბიძინა ივანიშვილს, ახლაც, სალომე ზურაბიშვილის გარეშეც შეეძლოთ მისი გათავისუფლება. მომავალში, როცა გადაწყვეტენ ისინი, მაშინ გამოუშვებენ. ჩვენ მივმართავთ, არ მივმართავთ, ამას აზრი არ აქვს და ამიტომ არ ვაპირებთ თავის დამცირებას და ტყუილად ვინმესთვის რაიმეს თხოვნას"- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა და "მთავარი არხი" ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამი დამნაშავედ ცნო. მოსამართლეთა კოლეგიამ, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მედია მენეჯერისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.