ოპოზიცია დასუსტებულია და ეს ძალიან კარგია - ირაკლი კობახიძე
ოპოზიციის ახალი, პროევროპული გაერთიანების იდეა ,,ქართული ოცნებისთვის" სასაცილოა - მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ახალი გაერთიანება თავიდანვე დაშლისთვის არის განწირული.
ის ფაქტი, რომ ოპოზიციას პრობლემები აქვს, ,,ქართულ ოცნების" თავმჯდომარეს დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის დადებითად მიაჩნია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რაც უფრო მალე ჩამოშორდებიან რადიკალური ძალები პოლიტიკას, მით უფრო მალე გაიხსნება გზა ახალი, პროგრესული პარტიებისთვის.
ოპოზიცია დასუსტებულია და ეს დასუსტება იწვევს შიდა კონფლიქტებს, რაც ძალიან კარგია. ასეთ დროს შანსი უჩნდებათ შედარებით რაციონალურ და ჯანსაღ ძალებს, ადგილი დაიმკვიდრონ პოლიტიკურ სპექტრში.
რაც უფრო დასუსტდება და მოირღვევა ოპოზიცია, მით უფრო უკეთესი ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის.
პრაიმერისი არის ერთგვარი მაღალი მატერია. ფანჩატური და პრაიმერისი ერთმანეთთან შეუთავსებელია. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის პრაიმერისს დიდი გულისყურით ვერ დაველოდებით - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველმა პარტიამ ოპოზიციის ლიდერების ნაწილს პოლიტიკიდან წასვლა და სხვა სფეროში ძალების მოსინჯვაც ურჩია.