ეს არის არაპროფესიონალიზმის დემონსტრირება - გია ვოლსკი ევროპარლამენტარ კრამონის განცხადებაზე
რატომ შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირანის ელჩს? ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის შეშფოთებას მმართველ პარტიაში არ იზიარებენ, მეტიც, ,,ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ არავის საქმე არ უნდა იყოს დიპლომატიური შეხვედრები.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ურჩევს, იმ ლიტერატურას გაეცნოს, სადაც დიპლომატიური შეხვედრების შესახებ არის საუბარი.
თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კრამონის განცხადება, ეს არის არაპროფესიონალიზმის დემონსტრირება.
რაც შეეხება ირანის ელჩთან შეხვედრას, ეს არავის საქმე არ არის, რასაკვირველია. ქვეყანაში არსებობს ირანის ელჩი და ამ ქვეყნის ნებისმიერი პოზიციის მიუხედავად ნებისმიერი თანამდებობის პირი შეიძლება, მას შეხვდეს.
შემიძლია, მიგინიშნოთ ლიტერატურაზე, რაც უნდა წაიკითხოს ვიოლა ფონ კრამონმა. - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველომ, სამწუხაროდ, არასწორი პოლიტიკური გზა აირჩია - ასე აფასებს ევროპარლამენტარი ვიოლა ვონ კრამონი საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოში ირანის ელჩის შეხვედრას. ევროდეპუტატის თქმით, საკუთარი არჩევანის გამო საქართველო პოლიტიკური იზოლაციის წინაშე უკვე დგას.