სააკაშვილის განცხადებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესებში არ ერევა - ირაკლი ნადირაძის პირველი კომენტარი
"სააკაშვილის განცხადებიდან, რომელიც საავადმყოფოდან გამოიტანეს მკაფიოდ ჩანს, რომ ის არ ერევა ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესებში" - ასეთია ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ნადირაძის პირველი კომენტარი გიული ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "სააკაშვილს მიაჩნია, რომ ენმ-ის არჩევნებზე განცხადებები ბიბლიოთეკაში არ უნდა კეთდებოდეს".
როგორც ირაკლი ნადირაძე "ტვ პირველთან" ამბობს, მესამე პრეზიდენტის სახელი სპეკულაციისთვის არავინ არ უნდა გამოიყენოს.
რაც შეეხება 9 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან გაკეთებულ განცხადებას, საკრებულოს ოპოზიცონერი დეპუტატის თქმით, ბრიფინგმა შედეგი გამოიღო, რადგან, პარტიაში "საკითხზე მსჯელობა, მეორე დღიდანვე დაიწყო":
მიშას განცხადება, რაც მოვისმინეთ, იყო ძალიან მკაფიო - ის არ ერევა ამ პროცესში და არავინ არ უნდა გამოიყენოს სოეკულაციურად. ვინმემ რომ არ ჩათვალოს, რომ ის ან ერთი გუნდის, ან მეორეს გვერდით არის. ჩვენი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ყოფნა იყო აბსოლუტურად გულწრფელი, რადგან მე იქ მშენებლობის, გახსნის დღიდან დავდიოდი, დავდივარ და შემდეგშიც ვივლი. ბიბლიოთეკიდან მანამდეც არაერთი განცხადება, ბრიფინგი გამიკეთებია და კომენტარიც მიმიცია"- აცხადებს ნადირაძე.
დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ შემდგომი პროცესები პარტიის ოფისებში უნდა გაგრძელდეს.