"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ვიბრძოლებ - ლევან ხაბეიშვილი

16.11.22 16:02
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ვიბრძოლებ - ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია - "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის შიდაპარტიულ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. 

ამის შესახებ მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ვარდებს რევოლუციის იდეალები": 

ვიღებ  გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური "ნაციონალური მოძრაობა" და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში.

ჩემი მიზანია, "ნაციონალური მოძრაობა" დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის, მის ამომრჩეველს მის მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც "ნაციონალური მოძრაობა" რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა...

მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო ჩემი კანდიდატურა. 

გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ მოძრაობის გასაძლიერებლად, იმისთვის, რომ დაბრუნდეს პარტია იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 10 ნოემბერს, ხაბეიშვილმა თქვა, რომ "ლევან ხაბეიშვილი არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას". 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ.

ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ნადირაძის საპასუხოდ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თქვა, რომ მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კობა ნაყოფიამ გააჟღერა. მისი თქმით, "სააკაშვილს მიაჩნია, რომ ენმ-ის არჩევნებზე განცხადებები ბიბლიოთეკაში არ უნდა კეთდებოდეს". 

ამ დროისთვის საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 

 

მსგავსი სიახლეები