უნგრეთის თანხმობის გარეშე სტატუსს ვერ მივიღებთ, ამიტომ ნუ დაესხმებით ამ ქვეყანას თავს - ირაკლი კობახიძე
ნუ დაესხმებით თავს უნგრეთს - ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავოს უნგრეთის თემაზე კრიტიკული განცხადებებისგან, რადგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე ამ ქვეყნის პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, უნგრეთი და ევროკავშირი თავიანთი შემდგომი ურთიერთობის პრობლემებს თავად გაარკვევენ. ხოლო რაც შეეხება ფინანსური სანქციების თემას, მმართველი პარტიის თავმჯდომარის აზრით, უნგრეთისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების გაყინვას ჩვენს ქვეყანასთან ანალოგი არ გააჩნია.
თუ თქვენ გინდათ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, იცით, რომ ეს კონსესუსის გზით მიიღება. თუ უნგრეთი არ დაეთანხმება, ჩვენ ვერც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ჩვენი და უნგრეთის ურთიერთობაც ვერ გაგრძელდება.
ამიტომაც გირჩევთ, ნუ დაესხმებით თავს ევროკავშირის წევრ ქვეყანას.
რაც შეეხება ევროკავშირისა და უნგრეთის ურთიერთობას, ეს მათი საქმეა და ბუნებრივია, ეს საკითხები მათ შორის მოგვარდება.
ეს ყველაფერი იმდენად სპეციფიურია, რომ საქართველოზე განგრძობადი არც არის. რასაც უკავშირდება მაგალითად ფინანსური სანქციის საკითხი, რაც უნგრეთს დაუწესეს. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირმა უნგრეთს 13 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება გაუყინა. ბრიუსელმა ორბანის მთავრობას ქვეყანაში ძირეული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა.