შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მოშიმშილე დეპუტატებთან მივიდა და მათ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
პაპუაშვილის თქმით, შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება და რომ ასეთი საქციელი ახალისებს სააკაშვილს.
„მე ვფიქრობ, რომ შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება, ამიტომ მოვუწოდე მათ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია, რომ ითანამშრომლონ პარლამენტის აპარატთან და ამ მხრივ, იყოს სიმშვიდე პარლამენტში. პარლამენტი არ არის ის ადგილი, ვისაც უნდა მოუწოდონ ასეთ საკითხებზე. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით და მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად არის მიუღებელი. პირიქით, ასეთი საქციელი საბოლოო ჯამში ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ მან უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სისტემასთან ან ექიმებთან”, - განაცხადა პაპუაშვილმა.