ადვოკატი პენიტენციურის ექიმს: რა იწვევს იმ მდგომარეობას, რაშიც სააკაშვილი იმყოფება, მას ყოველდღე აქვს 38 ტემპერატურა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს პასუხობს.
შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ტოქსიკოლოგიურ საკითხებზე საუბარს სატელევიზიო ეთერების გამოყენებით არ აპირებს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ მალხაზ ურთქმელიძე ხვალინდელ პროცესზე მოწმის სახით გამოიკითხება და განცხადების გაკეთება იქ შეეძლება.
„ჩვენ არ ვაპირებთ, სატელევიზიო ეთერებში განვიხილოთ საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მით უმეტეს, რაც ეხება სამედიცინო საკითხებს. ხვალიდან იწყება ექსპერტების დაკითხვა სასამართლო პროცესებზე. ეს საკითხები დასმული იქნება, მათ შორის, ურთქმელიძეცაა მოწმედ დაბარებული, მე როგორც ვიცი, თერაპევტია და იქ შეუძლია, ისაუბროს ტოქსიკოლოგიურ საკითხებზე.
თუმცა პირველი კითხვა, რასაც დავუსვამ მას, იქნება ის, თუ რა იწვევს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ახლა სააკაშვილი იმყოფება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას აქვს 38 ტემპერატურა ყოველდღე. გაგვცეს ამაზე პასუხი"- თქვა ხაჭაპურიძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიას“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება.