სააკაშვილის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია - პიტერ ფიშერი
სააკაშვილის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
პიტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანიის საელჩო ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება ექსპრეზიდენტს.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს. მეტიც, საელჩოს წარმომადგენელი ხშირად ესწრება სასამართლო პროცესებს. რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას, მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია და ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა, ისევე როგორც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას და მიგვაჩნია, რომ, როგორც ჰუმანიტარული, ისე ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა ყველა ხელისუფლების ვალდებულებაა- აცხადებს პიტერ ფიშერი.
მიხეილ სააკაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11 იანვარს, 12 საათზე გაიმართება.