ბიუჯეტიდან ნაყიდი საჩუქრებით ალილოზე ატუზული დეპუტატების შეყვანაც არ დაგავიწყდეთ კულტურული მემკვიდრეობის სიაში - გოცირიძე
"ბატონების" რიტუალებს, მცხეთურ ღვეზელს და აპოხტის ხინკალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს ამ გადაწყვეტილებაში მავნებლობა იკითხება.
გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მთავრობას ურჩევს პარლამენტის წინ აყუდებული ალტინფოს ჯვრის და ამ მის წინ პარლამენტის ბიუჯეტიდან ნაყიდი სასაჩუქრე კალათებით ალილოზე ატუზული დეპუტატების შეყვანაც არ დაავიწყდეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
საქართველოს კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა :
1.მცხეთურ ღვეზელს
2. ინფექციური დაავადება "ბატონების” მორჩენასთან დაკავშირებულ რიტუალებს, მღერას და ა.შ.სასაცილო კი არის, მაგრამ მავნებლობაც იკითხება ამ გადაწყვეტილებაში. ანუ ხალხს ვეუბნებით, რომ აცრა კი არაა საჭირო, არამედ სიმღერით ეშველება ინფექციებსო? კორონას რომ “ანადგურებდნენ” მღვდლები ნაკურთხი წყლის ქუჩებში პკურებით, ესეც ანტივაქსერობის წამახალისებელი რომ იყო, ხომ კარგად გამოჩნდა მერე? რომელ ქვეყანაში მოკვდა 17 ათასზე მეტი ადამიანი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით? იქნებ ვირუსისგან წყლით პკურებით განკურნების მეთოდიც შეგვეყვანა ამ სიაში?
რაც შეეხება მცხეთის ღვეზელს, არ ვიცი ეს რა არის. სოკოთია, ლობიანით თუ ხორცით? ან რით გამოირჩევა იმ ღვეზელებისაგან, ჩვეულებრივ საცხობებში რომ იყიდება? ან ონიაშვილის ქუჩის ლობიანი რატომ არაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი? სხვაგანაც იყიდება მსგავსი ლობიანები და უკეთესიცო, იტყვიან კულტურის სამინისტროში. კი ბატონო, მაგრამ მათ ხომ პირველებმა გამოიჩინეს მარიფათი და სანამ ამდენი სუპერმარკეტი გაჩნდებოდა, ხომ შეგეძლოთ გეყიდა 6 ლარად მუყაოს გარეშე და 7 ლარად მუყაოს ყუთში? ახლა თითქმის სამჯერ მეტი რომ ღირს, მარტო ამისთვისაა დასახური ეს სამინისტრო-ეკონომიკის სამინისტროზე ვამბობ ახლა, თორემ კულტურის სამინისტრო და მისი მინისტრი დიდი ხანია დასახურია კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამო ( მაგ. გელათი).
ამ ქრისტეშობა დღეებში პარლამენტის წინ აყუდებული ალტინფოს ჯვრის და ამ მის წინ პარლამენტის ბიუჯეტიდან ნაყიდი სასაჩუქრე კალათებით ალილოზე ატუზული დეპუტატების შეყვანა არ დაგავიწყდეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში", - წერს გოცირიძე.
"ბატონების" რიტუალებს, მცხეთურ ღვეზელს და აპოხტის ხინკალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა - ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.