ხალხის შეცდომაში შეყვანაა, რომ ზუგდიდის ორგანიზაცია მხოლოდ მელიას უჭერს მხარს - ხაბეიშვილის მომხრეები
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის წევრების ნაწილი ამბობს, რომ ისინი პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს არა ნიკა მელიას, არამედ ლევან ხაბეიშვილს უჭერენ.
პარტიის ნაწილის თქმით, ხალხის შეცდომაში შეყვანაა, რომ ზუგდიდის ორგანიზაცია მხოლოდ მელიას უჭერს მხარს.
"დღეს ზუგდიდის პარტიის ოფისში ჩატარებული ბრიფინგი ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ასევე ასობით ჩვენი პარტიის მხარდაჭერისთვის მოულოდნელი იყო. ვარ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი, რაც რამდენიმე საათის წინ ჩემმა მეგობრებმა ბრიფინგზე თქვეს, არის ხალხის შეცდომაში შეუყვანა, რომ ზუგდიდის ორგანიზაცია მხოლოდ მხარს უჭერს ნიკა მელიას კანდიდატურას. ზუგდიდის ორგანიზაცია არის მრავალფეროვანი, რითაც მე ვამაყობ, ბევრი უჭერს მხარს ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, მათ შორის ჩვენც. ასევე, პარტიაში არიან ხალხი, რომლებიც მხარს უჭერენ სხვა კანდიდატს", - ამბობენ პარტიაში.
რამდენიმე საათის წინ ზუგდიდის ორგანიზაციის ნაწილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც ითქვა, რომ ისინი არჩევნებში მხარს ნიკა მელიას დაუჭერენ.