ოპოზიციის გარდა ევროსაბჭოს რეზოლუციაში პროგრესს ყველა ხედავს - შალვა პაპუაშვილი
მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ოპოზიციის გარდა ყველა ხედავს პროგრესს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, შესრულებულია ევროკავშირის ის რეკომენდაციები, რაც მმართველ პარტიაზე იყო დამოკიდებული და დარჩა საკითხები, რომლის გადაწყვეტასაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.
ჩვენ შარშან გვქონდა შეჯამება 12 პუნქტთან დაკავშირებით გაწეული მუშაობის. ძირითადი საკითხები, რაც დამოკიდებული იყო საპარლამენტო უმრავლესობაზე, შესრულებულია.
არის საკითხები, რომლებიც ჩვენზე დამოკიდებული არ იყო, არის რამდენიმე პოზიციაზე არჩევის საკითხი და არის ორი კანონპროექტი, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას.
მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ერთის მხრივ, ყველა ხედავს პროგრესს, განსხვავებით, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის ნაწილისა და ბევრი რეკომენდაცია უკვე შესრულებულია, მაგრამ მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მონაწილეობა, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც ისეთი გადაწყვეტილების მიღებას შეეხება, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მარტო ვერ შეძლებს, მაგალითად, ომბუდსმენის არჩევა, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა - განაცხადა პაპუაშვილმა.
,,ქართული ოცნება" ევროპის კრიტიკას ისევ არ იღებს. ევროკავშირის რეზოლუციაში მოყვანილი ფაქტების მიუხედავად მმართველი გუნდი არც დეპოლარიზაციის საკითხის მოგვარებას აპირებს და ვერც კრიტიკული მედიის მენეჯერების პატიმრობაში ხედავს პრობლემას.