"კრემლის უუფლებო კოლონია" - ოპოზიცია ხელისუფლებას რუსული ბიზნესის მფარველობაში ამხელს
კრემლის უუფლებო კოლონია - ასე აფასებს ოპოზიცია რუსების მასიურად შემოდინებას და საქართველოში კონსპირაციული ოფისების გახსნას. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც დედაქალაქის ცენტრში, სავარაუდოდ, ფინანსურ მაქინაციებს ეწევიან, საქართველოში გავლენიანი მფარველები ჰყავთ.
საგანგაშოა ის, რომ საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, გადაიქცა კრემლის უუფლებო კოლონიად, სადაც ყველა აკეთებს იმას, რაც მოესურვება, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეები. ეს არ არის ქართველი სტუდენტების ან ქართველი ხალხის ბრალი. ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ რუსული ბიზნესი არალეგალური, ლეგალური, კანონიერი, არაკანონიერი დაბუდებულიყო საქართველოში და ემოღვაწათ თავისუფლად, დაუბრკოლებლად სახელმწიფოს დაცვის ქვეშ. ხელისუფლება უდნა შევცვალოთ რაც შეიძლება ჩქარა და პანღურით გავაგდოთ, მაგათ გაჰყვება მერე ყველა რუსული ფილმი, - ამბობს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი პირაპირ ამბობს, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების ასპარეზად გადაიქცა.
„ქართულმა ოცნებამ“, იგივე „რუსულმა ოცნებამ“ , პრაქტიკულად, საქართველო გადააქცია რუსეთის ფედერაციისთვის საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდების ასპარეზად და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს წესრიგი საერთაშორიოს ფინანსური გადარიცხვებისა და ა. შ. მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი, საფინანსო კონტროლის სამსახურები უნდა ახორციელებდნენ მონიტორინგს და კონტროლს ამ გადარიცხვებზე, პრაქტიკულად, ფულის გათეთრების ველად გადაიქცა საქართველოს ფინანსური სისტემა, - ამბობს ბეჟაშვილი.
უკვე მეორე დღეა "ტვ პირველი" ფინანსთა სამინისტროდან ელოდება განმარტაბებეს, დაინტერესდა თუ არა ფინანსური პოლიცია რუსეთის მოქალაქეების "საქმიანობით" , თუმცა ამ დრომდე უწყებას პასუხი არ გაუცია. რუსების ოფისი კი თბილისის ცენტრში დღესაც შეუფერხებლად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" ფარული აუდიოჩანაწერები მოიპოვა, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთიდან ჩამოსული პირების ჯგუფი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ქართველ ახალგაზრდებს ანგარიშებზე რუსეთიდან ფულს ურიცხავენ, რომელსაც შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ანაღდებენ და ასე ხდება სანქციებისგან სავარაუდო გვერდის ავლა.