პრეზიდენტს არაფერს ვპასუხობ, ყველას თავისი მორალი აქვს - გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილის დედა პრეზიდენტს გუშინდელ განცხადებაზე არაფერს პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ ყველას თავისი მორალი და ღირებულებები აქვს.
"მე პრეზიდენტს არაფერს არ ვპასუხობ, უბრალოდ, იცით რაშია საქმე, მე მიმაჩნია, რომ ჩემი შვილის დანაშაული ერთადერთი არის ის, რომ თავისი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს 2008 წელს. აი, ეს არის როგორც გამოირკვა მისი დანაშაული, მეტი არავითარი დანაშაული მე არ მაგონდება. ყველა ადამიანს აქვს უფლება, გააკეთოს თავისი არჩევანი, თავისი ღირებულებები აქვს, ყველას თავისი მორალი აქვს.
საერთოდ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს. სხვათაშორის, ჩემთვის დამაჯერებელი იყო ბექა ბასილაიას კომენტარი, ის პირველივე დღიდან ჩართული იყო, არის უმაღლესი კლასის იურისტი და ყველაზე კარგად მან იცის რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა", - ამბობს გიული ალასანია.
პრეზიდენტი თავის მართლების რეჟიმშია - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ იწყალებს. ახსნა განმარტება პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გვიან ღამით გამოქვეყნდა, სადაც ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის შეწყალებას აზრი არ აქვს, რადგან ის ციხეს მაინც ვერ დატოვებს.