დადასტურდა, რომ ყველა ის თეორია, რომ სააკაშვილი "არ ჭამს", "სიმულანტობს", სიცრუეა - ჯიშკარიანი
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მარიამ ჯიშკარიანი პასუხისმგებლობას მოსამართლე გიორგი არევაძე და "ვივა-მედის" ხელმძღვანელობას აკისრებს. განცხადება "ემპათიას" ხელმძღვანელმა "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ გასაჯაროვებული კადრების შემდეგ გააკეთა.
ექსპერტი ამბობს, რომ ლეტალური შედეგი, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დადგეს, რადგან ასეთი სიმძიმის პაციენტის მოვლა "ვივა-მედში" შეუძლებელია.
ამ კადრებით მთელმა მსოფლიომ იხილა მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, დადასტურდა ის ფაქტი, რომ უცხოელმა ექსპერტებმა კვლევები ჩაატარეს სრულყოფილად. ასევე დადასტურდა, რომ აღებული იქნა თმის და ფრჩხილის ნიმუშები ყველანაირი პროცედურის დაცვით, შესაბამისად, სასამართლომ, რომელმაც გაიზიარა პენიტენციური სამსახურის და სამხარაულის დასკვნები, ვფიქრობ, რომ არ იყო სამართლიანი. შესაბამისად, ყველა ეს თეორია და ჰიპოთეზა, "არ ჭამს", "სიმულანტობს", "აგრავანტობს", არანაირ საფუძველს არ ემყარება. ერთადერთი ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ახლა შესვლის უფლება აქვს, არის "სახალხო დამცველი". შესაბამისად, აუცილებლად მიმაჩნია, რომ განხორციელდეს ეს ვიზიტი, - ამბობს ჯიშკარიანი.