ევროპულ პრესაში კვლავ ვიბლოკებით და მოქმედებს ცენზურა - ივანიშვილის მორიგი განცხადება
"ევროპული პრესის ცენზურა ტენდენციად იქცა" - ბიძინა ივანიშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს. ყოფილი პრემიერი წუხს, რომ საერთაშორისო მედია მისთვის სასუველი პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე ისევ უარს ეუბნება.
"ქართული ოცნების" დამფუძნებლის ადვოკატები აცხადებენ, რომ Credit Suisse-ის მენეჯმენტის გავლენით მათი პოზიცია ევროპულ მედიაში იბლოკება და მოქმედებს ცენზურა. MKD LAW-ი წერს, რომ 2023 წლის 14 თებერვალს სტატიის გამოქვეყნებაზე უარი მიიღეს.
ჩვენ ისევ იმ ბარიერს შევეჯახეთ, რომელსაც ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების ცენზურა ჰქვია. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქმე ეხება ბანკის კრიტიკას, წამყვანი საერთაშორისო მედია, მათ შორის, Financial Times, Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და მსგავსი კალიბრის სხვა გამოცემები სიამოვნებით აქვეყნებენ მათ. სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება, როდესაც ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჟღერდება ლოგიკური და ობიექტური ანალიზი, რასაც მოსდევს ასეთივე, საღ მსჯელობაზე დაფუძნებული ლეგიტიმური შეკითხვები", - წერია განცხადებაში.
ქართული ოცნების დამფუძნებლის ადვოკატების თქმით, მკითხველმა უნდა განსაჯოს, "ბანკის მოქმედებები, მოყოლებული 2022 წლის მარტიდან, შესაძლოა თუ არა იყოს კავშირში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან, რომელზე მითითებაც თვითონ ბანკის ტრასტმა გააკეთა 2022 წლის მარტში იმის ასახსნელად, თუ რატომ უგვიანებდნენ ბატონ ივანიშვილს გადახდებს".
ბიძინა ივანიშვილის ფირმა განცხადებას თან ურთავს სტატიას, რომლის გამოქვეყნებაზეც მათ უარი 14 თებერვალს უთხრეს.
სტატიაში ნათქვამია, რომ 2022 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ, ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ თანხის გადმორიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ივანიშვილის ადვოკატები დაწერდნენ, რომ თანხის გადმორიცხვით თეორიული რისკიც არ შეექმნებოდა ივანიშვილისვე სატრასტო კომპანიების მოთხოვნებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ივანიშვილის კრიტიკა მთლიანად ბანკის მენეჯმენტისკენ მიემართა და იგი შეიცავდა ბანკის მენეჯმენტის საფუძვლიან მხილებას, რაც ეფუძნებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, იგი დაექვემდებარა ბლოკირებას და ცენზურას. მისი გაცნობის საშუალება მხოლოდ ქართულ აუდიტორიას მიეცა მას შემდეგ, რაც ევროპულ პრესაში გამოქვეყნება ორიგინალი სახით შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც აჩვენებს, რომ ქართული მედია სივრცე თავისუფალია. აქვე დავძენთ, რომ მოცემული სტატია ასევე გაშუქდება ქართულ პრესაში მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება მის მიმართ მიმღებლობა ევროპულ მედიაში"- წერია განცხადებაში.
ივანიშვილის ადვოკატების განცხადებება ვრცლად ნახეთ აქ