გახარიას გუნდი "ოცნებას" კულტურას უწუნებს - რა შეუთვალეს "საქართველოსთვის" წევრებმა ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს
გიორგი გახარიას გუნდი "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ კულტურას უწუნებს. მას შემდეგ, რაც ირაკლი ქადაგიშვილმა გახარიას უმადური პოლიტიკოსი უწოდა, პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა ომი მმართველ პარტიასთან ახალი ფაზაში გადაიყვანეს.
გახარია სხვებივით კი არ წასულა კარგი ცხოვრებით ტკბობის მისაღებად, არამედ დაბრუნდა პოლიტიკაში, და მიზნად დაისახა ამ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება - შეუთვალეს გახარიას თანაგუნდელებმა ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს.
"გულგრილები ვართ იმ ადამიანების მხრიდან იმგვარი განცხადებების გაკეთების, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ამ ქვეყანაში რუსეთში კარგად აპრობირებული ავტოკრატიის საფუძვლების განხორციელებაში. მაგაზე უარესი და ბევრად უფრო წონიანი პოლიტიკოსებისგან გაუკეთებია "ოცნებას" გიორგი გახრიას მიმართ შეფასებები, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ეს არის პოლიტიკურად უკულტურო ხალხის პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც დღეს ჩვენი მოქალაქეებიდან არავის აინტერესებს. გახარია სხვებივით კი არ წასულა კარგი ცხოვრებით ტკბობის მისაღებად, არამედ დაბრუნდა პოლიტიკაში, ოპოზიციურ ფლანგზე და მიზნად დაისახა ამ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება, მათ შორის, უკანონოდ, არაფორმალურად კონსოლიდირებული ძალაუფლების მოსაშორებლად, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
გიორგი გახარიას პოლიტიკურ აღსარებას "ქართულმა ოცნებამ" დღეს თავდასხმით უპასუხა.
უნიათო, უმადური, პოლიტიკური ველიდან გაქცეული - ასე უპასუხა ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას.
"ოცნებაში" დღეს გახარიას ტონი დაუწუნეს და შეუთვალეს რომ ქარს გატანებული სიტყვებით პოლიტიკაში მობრუნებაა გაუჭირდება.
აღსარება გადადგომიდან ორი წლისთავზე - ექსპრემიერმა, გუშინ ფაქტობრივად, სინანულის ეპისტოლე გამოაქვეყნა. "ოცნების" მთავარი საზრუნავი ივანიშვილის ფულის დაცვაა, - თქვა გახარიამ, რომელმაც პირველად აღიარა, რომ ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს ოლიგარქს თვითონაც უწყობდა.
გახარია მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის მთავრობა ივანიშვილის მარიონეტია. "ოცნებიდან" დემარშით წასულმა ექსპრემიერმა, ფაქტობრივად, ივანიშვილის პოლიტიკური ბრალი წაიკითხა და ქვეყნის არაფორმალური მმართველი საქართველოს ევროპული მომავლის მკვლელობაში დაადანაშაულა.