ელჩების კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს, შინაარსთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ ყოფილა - პაპუაშვილი
ელჩების კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს , შინაარსთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ ყოფილა - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ელჩებს განუცხადა, რომ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის სტიგმატიზება ხდება.
„გვესმის, რომ ასეთი წუხილები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ხდება თავად დისკუსიის სტიგმატიზება. ფაქტია უკვე, მას შემდეგ, რაც ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დაინიცირდა, ამ კანონსაც კი დაარქვეს არაამერიკული და რუსული. უკვე აბსურდამდე მიდის დისკუსია. გასაგებია, რომ არის მცდელობა დისკუსიის სტიგმატიზების, თუმცა მიუხედავად ამისა, რომ სტიგმატიზების დიდი ტალღაა, ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ იმაზე საუბარს, თუ რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას და ვფიქრობ, სწორედ აქ არის ურთიერთგაგება. ასევე ვუთხარით, რომ ჩვენ ვენეციის კომისიაში გავაგზავნით ორივე კანონპროექტს და დაველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. ამასობაში არის საკმარისი დრო, რომ სხვა მსჯელობაც იყოს.
მე იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ თავად დისკუსიის სტიგმატიზება და ტაბუირება მოახდინოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, პირიქით აჩვენებენ, რომ ისინი არიან აქტიური ამ საკითხში.
როდესაც საუბარია ამ ინიციატივაზე, ამ კანონზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ზრუნვის თუ წუხილის საკითხი არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დასახელებებს შეეხება. არც გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე და არც დღეს, რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამჭვირვალობას არ ყოფილა. პირიქით, აქ არის ურთიერთგაგება. კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის ელჩმა შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ "ოცნებასთან" გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება EU-ს ღირებულებებს . ჰერჩინსკიმ ისიც აღნიშნა, რომ მმართველ გუნდთან იოლი დისკუსია არ ჰქონიათ.