ოპოზიცია რევოლუციურ კომიტეტებად გარდაიქმნა - ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე
"ოცნება" სასამართლო სისტემის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ მიესალმება.
გია ვოლსკი ამბობს, რომ საგამოძებო კომისიის შექმნამდე ოპოზიციამ ფაქტები უნდა მოითხოვოს, რის საფუძველზე დაასანქცირა ამერიკამ მოსამართლეები, გადასცეს პროკურატურას, ან ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით შექმნა კომისია.
ვოლსკი აღტკინებას და ისტერიკას უწოდებს ოპოზიციის ქმედებას და ამბობს, რომ ისინი რევოლუციურ კომიტეტებად გარდაიქმნენ.
„მცდელობით, რომ საპარლამენტო კომისია დაადგენს, რომ ასეთი კლანი არსებობს, რომელიც განაგებს სიტუაციას, რასაკვირველია საკმაოდ რთული იქნება მათთვის, ვინაიდან ფაქტობრივი არაფერი არ არსებობს. როდესაც შენ საპარლამენტო კომისიას ითხოვ, იმის ნაცვლად, რომ ფაქტები მოითხოვო უფრო მეტი, რათა ეს ფაქტები ამ პროკურატურას გადაეცეს ან თუნდაც საპარლამენტო კომისია შექმნა უკვე ფაქტობრივ მასალაზე, ამის მაგივრად ეს აღტაცება, აღტკინება, ეს ისტერიკა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ მავნებლები გვყავს ოპოზიციაში, სრულად არა მაგრამ დიდი ნაწილი, სწორედაც რევოლუციურ კომიტეტებად გარდაიქმნენ“ - გია ვოლსკი.
სასამართლო სისტემის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება. დეპუტატები, რომლებმაც კოლეგებთან სათითაოდ დარეკვის და მათი პარლამენტში მობილიზების პასუხისმგებლობა აიღეს, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობის ხმების მოგროვება შესაძლებელია და მათი ინფორმაციით სამშაბათს, სხდომათა დარბაზში ყველა შევა.