რა ინფორმაციას ფლობს გოგაშვილი სასამართლო კლანზე - მანჯგალაძე სუს-ის ექს-შეფის გამოკითხვას ითხოვს

13.04.23 14:03
რა ინფორმაციას ფლობს გოგაშვილი სასამართლო კლანზე - მანჯგალაძე სუს-ის ექს-შეფის გამოკითხვას ითხოვს

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ 7 თვის წინ, როდესაც ის სოსო გოგაშვილს ოჯახის თხოვნით შეხვდა, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მას გაუმხილა, რომ სასამართლოში არსებულ უკანონო ქმედებებზე ღირებულ ინფორმაციას ფლობდა და ამაზე საუბარს აპირებდა.

სწორედ ამიტომ, მანჯგალაძე ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ ამ საკითხთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, სოსო გოგაშვილიც გამოიკითხება.

„შვიდი თვის უკან სოსო გოგაშვილს შევხვდი ოჯახის თხოვნით. გოგაშვილიც ამბობდა, რომ ფლობს ღირებულ ინფორმაციას სასამართლოში არსებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, აპირებდა საუბარს ამ საკითხზე. პატიმართან დაკავშირებით ასეთი რამე ხდება, ადვოკატის საშუალებით ხდება კითხვების დასმა საგამოძიებო კომისიის მიერ, ადგილზე ადვოკატი სვამს ამ კითხვებს და შემდეგ უკან ბრუნდება პასუხებით, ასეთი მექანიზმი არსებობს“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

სასამართლო სისტემის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება. დეპუტატები, რომლებმაც კოლეგებთან სათითაოდ დარეკვის და მათი პარლამენტში მობილიზების პასუხისმგებლობა აიღეს, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობის ხმების მოგროვება შესაძლებელია და მათი ინფორმაციით სამშაბათს, სხდომათა დარბაზში ყველა შევა.