ახალი შენობა პროკურატურისთვის 24 მილიონ ლარად - შოთაძის უწყებამ გაფართოვება გადაწყვიტა
ირაკლი შოთაძე საკუთარი უწყებისთვის ახალ შენობას ამატებს. 24 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაიხარჯება იმისთვის რომ პროკურორებმა თანამედროვე ტიპის ოფისებში იმუშაონ, ჰქონდეთ კერძო ავტო სადგომი და თუ ძალიან გადაიღლებიან, ფეხბურთის თამაშით დაკავდნენ სპორტულ მოედანზე, რომელიც ასევე მათი სამსახურის ეზოში მოეწყობა.
ფაქტს ოპოზიციის მკაცრი შეფასებები უკვე მოჰყვა:
„მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის უამრავი მძიმე პრობლემა, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე სოციალური მიმართულებით, უამრავი ადამიანი გარბის ქვეყნიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ ეხმარება ადამიანს ვერ სამსახურით, ვერც პენსიით ნორმალური პენსიით, ვერ უზრუნველყოფს მათთვის სხვადასხვა სოციალური პროექტების შეთავაზებას და უამრავი ადამიანი დარჩა მათ შორის უსახლკაროდ და ის ვერ გაუკეთებიათ, რომ ელემენტარული ქირის ფული გადაუხადოს სოციალურად დაუცველებს, აი ამ დროს აგრძელებს ხელისუფლება ბიუჯეტის ფლანგვას. ამჟამად უკვე პროკურატურა აპირებს, რომ 24 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადოს თავიანთი ახალი უწყების, ახალი ოფისის მშენებლობისათვის. აი ეს არის თანხების ფლანგვა, ეს არის თანხების არარაციონალური ხარჯვა.“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე აღნიშნავს, რომ სრულიად გაურკვეველია რატომ სჭირდება პროკურატურას ამდენი შენობა-ნაგებობა:
„პროექტი დათვლილია 16 მილიონზე გამომდინარე იქიდან, რომ ესე ანგარიშდება, ხოლო დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს ამას 24 მილიონად. ანუ 16 და 24-მდე 8 მილიონით მოიმატა ღირებულებამ იმ შენობა ნაგებობების, რომელიც უნდა აუშენონ პროკურატურას. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ პროკურატურას 2 შენობა აქვს - ერთი ორთაჭალაში მეორე იქვე ახლოს სადაც ახლა უნდა ააშენონ და ეს არის თბილისის პროკურატურა და სრულად გაურკვეველია რად უნდა პროკურატურას ამდენი შენობა ნაგებობა.“ - თქვა მან.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე კი "ქართული ოცნების" ხელისუფლება კომფორტისთვის ათეულობით მილიონს ხარჯავს:
„ის რომ პროკურატურა ხარჯავს 24 მილიონს ახალ შენობაში არ არის განყენებული შემთხვევა ჩვენ ფაქტიურად ყოველთვე ვხედავთ ხარჯებს ახალი შენობებისთვის, ავეჯისთვის, პერსონალური კომფორტის მოწყობისთვის, რაც ჯამში ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების სახით აღწევს ასეულობით მილიონს და მილიარდობით ლარს.“ - განაცხადა ბუაძემ.