საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბოტაჟი გრძელდება - გრიგოლ გეგელია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე

14.04.23 19:04
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბოტაჟი გრძელდება - გრიგოლ გეგელია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე

მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების სავარაუდო აღდგენის ფაქტს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიეროვნულ ქმედებად აფასებს.

ოპოზიციის წევრის თქმით, "ქართული ოცნება" ქვეყანას ლავროვის კურსით მართავს, პირდაპირი ფრენების აღდგენით კი საქართველოში რუსული გავლენის სპეცოპერაცია ხორციელდება. 

გრძელდება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბოტაჟი.
დღეს გაჩნდა საგანგაშო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულმა რუსულმა ავიაკომპანიებმა მოსკოვი-თბილისი ბილეთების გაყიდვა/დაჯავშნა დაიწყეს და „აირზენა“, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განიხილავს მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისის აღდგენის კონკრეტულ თარიღს.

მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო ცდილობს რუსეთის იზოლირებას, თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების აღდგენა დროსთან შეუსაბამო და არაადეკვატური ნაბიჯია, რომელიც ღიად მტრობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და საერთოდ ფეხქვეშ თელავს ყველა ზნეობრივ პრინციპს თუ ისტორიულ მახსოვრობას.

მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობს სასტიკ, ბარბაროსულ ომს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, როდესაც რუსი სამხედროები განაგრძობენ ქართული მიწის ოკუპაციას, ჩვენი თანამოქალაქეების დევნას და შევიწროებას, ამ ფონზე ყოვლად დაუშვებელია ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ასეთი სიამტკბილობა, ღია უვერტიურების კეთება და ლავროვის მოსაწონი საგარეო პოლიტიკის წარმოება.

ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ფრენების აღდგენის პერსპექტივას ზუსტად ერთი ენით მიესალმა ლავროვი და კობახიძე. ეს არის „ქართული ოცნების“ საუკეთესო პოლიტიკური დახასიათება. დღეს საქართველო ლავროვის სასურველი კურსით იმართება. ამავე დროს, ჩვენ კარგად გვახსოვს ჩვენი უმთავრესი პარტნიორის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც გვაფრთხილებდა, რომ საერთაშორისო იზოლაციის დროს რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა გამოიწვევს მთელი რიგი ქართული კომპანიების დასანქცირებას.

დღეს სრულიად ნათელია, თუ რას გვირჩევს მეგობარი, და რისკენ მოგვიწოდებს მტერი, საქართველოს ანტიქართული მთავრობა კი მორიგ ჯერზე ირჩევს საქართველოს დაუძინებელი მტრის კურსს. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ნაბიჯით გრძელდება რუსული გავლენის სპეცოპერაცია საქართველოში, რომლის ერთადერთი მიზანიც საქართველოს იზოლირება, რუსულ ორბიტაზე გადასვლა და ამ ქვეყნის ევროპული კურსის საბოტაჟია, - ამბობს გეგელია.