"როდესაც ამბობენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ეშმაკთანაც ითანამშრომლებენ, ეშმაკზე ცუდი ხალხი ვართ?" - დაპირისპირება ენმ-ში

15.04.23 13:21
"როდესაც ამბობენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ეშმაკთანაც ითანამშრომლებენ, ეშმაკზე ცუდი ხალხი ვართ?" - დაპირისპირება ენმ-ში

ნიკა მელიას მიერ ახლადგახსნილ ოფისში ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ბოლო ყრილობაზე არ მიიპატიჟა.

ისინი ენმ-ს განცხადებას პასუხობენ და ამბობენ, რომ რადგანპარტიის ახალი თავმჯდომარის გადაწყვეტილებები მათთვის მიუღებელია, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი "ოცნების" პროპაგანდას ატარებენ.

"როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეშმაკთანაც კი ითანამშრომლებენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორ თვლიან, რომ ეშმაკზე ცუდი ხალხი ვართ და არ შეიძლება ჩვენთან თანამშრომლობა? ან ეს წერილობითი საუბარი რა საჭიროა, როდესაც მათ იცოდნენ, რომ ეს ოფისი იხსნებოდა. მაშინვე შეეძლოთ ეთქვათ, რომ ამ ოფისის გახსნა მათთვის არ არის მიზანშეწონილი. ეთქვათ, რომ პარტიაში არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ, მაგრამ ამას ვერ იტყოდნენ, რადგან ეს სივრცე თავად აითვისეს და დასვეს ის ხალხი, რომლებიც მათ აზრზეა". - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.

ახალი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში". ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას სეპარატიზმის მცდელობაში ადანაშუალებს. ოპოზიციური პარტიის სახელით ოფიციალური განცხადება "ტვ პირველის" ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ გაავრცელეს. ამბავი იმის შესახებ, რომ მელია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად სამუშაო სივრცეს იქმნის, ხაბეიშვილის თანამოაზრეებისთვის გაუგონარი აღმოჩნდა. ამიტომ, ყოფილ თავმჯომარეს, მოქმედმა ფაქტობრივად პარტიის დატოვება ურჩია.  

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე მის თანაგუნდელებთან ერთად  სამუშაოდ სარაჯიშვილის ქუჩაზე გადადავიდა.