"დასაფასებელია, როცა ზელენსკი ბრძოლის ველიდან ასეთ განცხადებას აკეთებს" - სააკაშვილის დედა

15.04.23 15:07
"დასაფასებელია, როცა ზელენსკი ბრძოლის ველიდან ასეთ განცხადებას აკეთებს" - სააკაშვილის დედა

მიხეილ სააკაშვილის დედის თქმით, ძალიან დასაფასებელია, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი ბრძოლის ველიდან ასეთ განცხადებას აკეთებს.

გიული ალასანია ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი ქვეყნის ერთგული მეგობარია.

მისივე თქმით, ის იმედით ელის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„ძალიან დასაფასებელია ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას, ძალიან ვაფასებთ, ძალიან მადლობელი ვარ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იცის ვისთვის აკეთებს, ზუსტად იცის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად თავს დადებს უკრაინისთვის და ნამდვილად არის უკრაინის ერთგული მეგობარი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიული ალასანიას თქმით, მას სიცხე ყოველდღიურად აქვს და წონაშიც სულ უფრო იკლებს.

„მდგომარეობა იგივეა. ყოველ დღე სიცხე აქვს, გუშინ 38 გრადუსიც კი ჰქონდა სადღაც, 38-სკენ მაინც აქვს ყოველდღე. წონის კლებას რაც შეეხება, თვითონ ამბობს ვიკლებო. როცა წევს და სასწორი არ გვაქვს და მე პირადად ვერ ვამოწმებ, ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ პროგნოზი რომ კეთდებოდა ორგანოების მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალაშია. ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს პროცესი დაიწყოს და ამიტომ განსაკუთრებით საჩქაროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული.