რატომ მიდის პუტინი დათმობაზე, რა არის ამის საფასური, რისი გადახდა მოუწევს საქართველოს? - კელი დეგნანი

18.05.23 11:33
რატომ მიდის პუტინი დათმობაზე, რა არის ამის საფასური, რისი გადახდა მოუწევს საქართველოს? - კელი დეგნანი

"პუტინი ყოველთვის ცდილობს თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ, გარკვეული საფასური მიიღოს" - აშშ-ის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს. 

როგორც კელი დეგნანმა რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნასა და ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა, გასათვალისწინებელია, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს. 

დიპლომატმა "ქართული ოცნების" ხელისუფლების გასაგონად თქვა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს და ამავდროულად ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზთან აკავებენ და წნეხის ქვეშ ჰყავთ: 

"ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომლის მოქალაქეებს აკავებენ, რომელიც მუდმივად არის წნეხის ქვეშ, უნდა იყოს ძალიან ფრთხილად ისეთი მცდელობების მიმართ, რა გზითაც რუსეთი ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზებას საქართველოსთან და ჩნდება კითხვა, რატომ ახლა? რატომ მიდის პუტინი დათმობაზე და აკეთებს შეთავაზებებს? რა არის ამის საფასური? რისი გადახდა მოუწევს საქართველოს იმისთვის, რომ მოიხსნა სავიზო რეჟიმი, ან თუნდაც, რომ აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით რუსეთთან. ყველამ კარგად ვიცით, რომ პუტინი ყოველთვის ცდილობს თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ, გარკვეული საფასური მიიღოს ქვეყნებისგან" - კელი დეგნანი.