დაგეგმილი იყო ჩემი ლიკვიდაცია, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან მკვეთრი - იციკ მოშე
საქალაქო სასამართლოში იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულის პროცესი დასრულდა.
დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროკურატურამ შესავალი სიტყვა თქვა და ისაუბრა იმ დეტალებსა და გარემოებებზე, თუ როგორ მიაწოდეს ამირ ხანს მასთან კავშირში მყოფმა დაკავებულმა ადამიანებმა ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადგილზე იყო მისული იციკ მოშე, თუმცა პროცესზე დასწრება მან ვერ მოახერხა, ვინაიდან, როგორც განუმარტეს, ის არის გამოსაკითხ პირთა სიაში.
"დაგეგმილი იყო ჩემი ლიკვიდაცია, ამაზე აღიარებაც იყო და დანარჩენი არის სასამართლოს საკითხი და მე მჯერა, რომ სასამართლო იმოქმედებს ქართული ინტერესებიდან გამომდინარე. მე მჯერა, რომ ქართული მხარე მიიღებს მკვეთრ გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან რეგიონში, როგორც სხვა რეგიონებში მსოფლიოში არის ტერორიზმის საშინელი შიში და ამიტომ, გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მხოლოდ მარტივი, უნდა იყოს ძალიან მკვეთრი მესიჯი. მე მჯერა, რომ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე და მეორე ეტაპზე იქნება ძალიან მკვეთრი. მე მახსოვს ჩემი თავი, 34 წელი ვემსახურები საქართველო-ისრაელი და მსოფლიო ურთიერთობებს და ამიტომ, ეს არის ტერორი ამ საკითხის წინააღმდეგ" - თქვა იციკ მოშემ.
პაკისტანის მოქალაქეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ორი პირი, ირანისა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქეს იარაღით ამარაგებდნენ.