დღეს ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა, 4 კანდიდატზე კონსულტაციები გავიაროთ - კობახიძის შეთავაზება პარლამენტს
დღეს ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა, შემდეგ 4 კანდიდატზე კონსულტაციები გავიაროთ - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეთავაზება ოპოზიციასა და უმრავლესობას.
კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა არცერთ კანდიდატს დღეს მხარი არ დაუჭირონ.
მისივე თქმით, კონსულტაციები შემდეგ კენჭისყრამდე უნდა გაიმართოს.
"ჩვენი მიზანი არ არის პოლიტიკურად მიკერძოებული კანდიდატების არჩევა, რაც გამოვლინდა სამწუხაროდ ამ კონსულტაციების საფუძველზე მეორე მხრიდან. ჩვენი მიზანი იყო კეთილსინდისიერი, კომპეტენტური კანდიდატების არჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ასე წარიმართებოდა პროცედურა, თუმცა თქვენ ნახეთ რა მოხდა გუშინ. [...] მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაგვჭირდება კონსულტაციები იმ 4 კანდიდატის გარშემო, რომელიც არის დარჩენილი, ახლა არის მეორე ტური, შემდეგ გაიმართება 2 კვირაში მესამე ტური, სადაც ასევე კენჭი ეყრება იგივე კანდიდატებს, რომლებიც დღეს არის წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, რომ დავიტოვოთ დრო კონსულტაციებისთვის, შემდეგი 10 დღე კონსულტაციებისთვის, რეგლამენტის მიხედვით, 2 კვირაში უნდა ჩატარდეს მესამე ტური, შემდეგი კენჭისყრა, მანამდე გავიაროთ კონსულტაციები ამ 4 კანდიდატის გარშემო, რომელიც არის წარმოდგენილი, დღეს ჩავატაროთ ერთგვარი ფორმალური კენჭისყრა", - თქვა კობახიძემ.