ჩვენ არც იურისტები ვართ და არც ექიმები, მაგრამ ვიცით, რომ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურიც არის - უნგრეთის ელჩი
იუსტიციის სამინისტროში მინისტრ ბრეგაძისა და დიპლომატების შეხვედრა დასრულებულია. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დიპლომატებმა აღნიშნეს, მათ აინტერესებდათ როგორც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისე სამართლებრივი მხარე.
უნგრეთის ელჩის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურიცაა და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა პატიმარზე.
"ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია იყო. ჩვენ არც იურისტები ვართ და არც ექიმები, მაგრამ ვიცით, რომ ეს საქმე პოლიტიკურიც არის. თუმცა, პოლიტიკაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ამაზე თქვენ, ჟურნალისტებმა და ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ჩვენ უბრალოდ ვისურვებდით, რომ საქართველომ იზრუნოს თავის ყველა პატიმარზე, მიუხედავად იმისა, ის პოლიტიკოსი იყო თუ არა. ქვეყანაში უნდა იყოს კანონის უზენაესობა და ჩვენ მინისტრისგან მივიღეთ გარანტიები, რომ ეს ასეც იქნება." -განაცხადა უნგრელმა დიპლომატმა.
შეხვედრას 5 ელჩი და 18 დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები ესწრებოდა.