ნუ უკავშირებთ ფრენების საკითხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - ბრეგაძე

18.05.23 18:59
ნუ უკავშირებთ ფრენების საკითხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ცუდს ვერაფერს ხედავს რუსეთტან ფრენების აღდგენაში.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით, რუსეთში მცხოვრებ ქართველებს გაუადვილდებათ საქართველოში ჩამოსვლა. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ამბობს, რომ ფრენებს ამასთან კავშირი არ აქვს და რომ საქართველო ზედმიზევნით ასრულებს რეკომენდაციებს.

"ნუ უკავშირებთ ფრენების საკითხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან კავშირი აქვს იმ 12 პუნქტს, რომელიც განსაზღვრულია და რომელსაც ვასრულებთ. რუსეთში ცხოვრობს ასი ათასობით ქართველი. თუ ამ ქართველებს გაუადვილდებათ საქართველოში ჩამოსვლა, დაზოგავენ დროს და ფინანსურ რესურსებს, ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. ჩვენ ყველგან ვზრუნავთ ჩვენ მოქალაქეებზე და ეს არის პრინციპი, რომ საქართველო ზრუნავს მის მოქალაქეზე განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

რუსეთის მოქალაქეს შეუძლია, რომ ჩამოვიდეს საქართველოში სხვა გზით? მანქანით შეუძლია ჩამოვიდეს, ასევე სხვადასხვა გზით შეუძლიათ ჩამოვიდნენ და თუკი საქართველოს მოქალაქეს გაუმარტივდება ამ გზის გავლა, დაზოგავს დროს და ფინანსურ რესურსებს, თქვენ ამაში რას ხედავთ ცუდს?", - განაცხადა მინისტრმა.