„რუსული ოცნება“ ზარზეიმით ხვდება აეროპორტში რუსულ ხომალდს, 7 საათიდან ყველანი პარლამენტთან - ხაბეიშვილი
ზარზეიმით ხვდება „რუსული ოცნება“ აეროპორტში რუსულ ხომალდს - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რუსული თვითმფრინავის პირველ რეისს საქართველოში.
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მიდის ხალხის და კონსტიტუციის წინააღმდეგ და ამიტომაც, დღეს საღამოს 7 საათიდან ხალხს საქართველოს პარლამენტთან შეკრებისაკენ მოუწდებს.
„ზარზეიმით ხვდება „რუსული ოცნება“, ხელისუფლება აეროპორტში რუსულ ხომალდს, რომლის მიმართულებაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ერთხელ უკვე განსაზღვრეს და მისცეს გეზი, საით წასულიყვნენ. ეს პროცესი დაიწყო რუსმა ოლიგარქმა საქართველოში და რუსულმა პარტიამ - ჩვენი ქვეყნის ბოლომდე გარუსება იმ პირობებში, როცა ევროკავშირის კარი ისე ღიაა, როგორც არასდროს, სწორედ ამ დროს გაეჩხირა კარებში ივანიშვილი და რუსული პარტია". ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მკვეთრი პოზიცია - „არა რუსულ მთავრობას“, „არა მკვლელ პუტინს“ და ის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ამიტომ დღეს საქართველოს პარლამენტთან, საღამოს 7 საათიდან უნდა დავიწყოთ შეკრება და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა რუსულ ხელისუფლებას და მთელ მსოფლიოს, რომ არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის გარუსებას და რუსულ რეჟიმს საქართველოში. ამ დროს, როცა ჩვენ დავიწყებთ შეკრებას, პარლამენტში იქნება გომელაური, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია იმაზე, რაც ახლა ხდება და ჩვენ ვხედავთ, რომ აეროპორტში ანტიპუტინისტური აქციის მონაწილეებს ერთმანეთის მიყოლებით აკავებენ და ძალადობენ სამოქალაქო აქტივისტებზე,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.