სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს ქორწილში, რომელიც საქართველოში შედგა - კობახიძე

20.05.23 15:35
 სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს ქორწილში, რომელიც საქართველოში შედგა - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გადაფარვას ენმ-ს წინააღმდეგ ბრალდებებით ცდილობს.

კობახიძე ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ, სულ რამდენიმე წელი იყო გასული, როდესაც მიხალკოვის ქორწილი შედგა საქართველოში და მიხეილ სააკაშვილი პირადად ესტუმრა მათ.

"ოცნების" თავმჯდომარე თვლის, რომ საქართველოში რუსების წინააღმდეგ "ქსენოფობიური კამპანია" მიმდინარეობს. 

რაც შეეხება კითხვაზე, იმყოფება თუ არა ლავროვის შვილი ან ვინმე სანქცირებული პირი დღეს საქართველოში, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია.

"რეალურად არის ქსენოფობიური კამპანია – მეოთხე ტალღა. შეგახსენებთ, შარშან მათ ჰქონდათ სამი მცდელობა, რომ აეგორებინათ ასეთი კამპანიები. ქსენოფობიური კამპანია გააღვივეს, თუმცა მაშინ ისინი იყვნენ წარუმატებლები და მე მგონია, მომავალშიც წარუმატებელი იქნება ეს კამპანია, გამომდინარე იქიდან, რომ ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება, ასე ვიტყოდი. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის.

მე ვერ გეტყვით ამას, ვეყრდნობი ამ შემთხვევაში სასტუმროს ინფორმაციას. მე არ მაქვს ამაზე დაზუსტებული მონაცემები. მთავარი რა არის ჩემთვის, რომ აქ არის კონკრეტული მიდგომა, რაც იკვეთება კონკრეტული ადამიანების ქმედებებში და ასევე, ორმაგი სტანდარტი. თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ. იგივე, როდესაც მიხალკოვის ქორწილი შედგა საქართველოში. მაშინ პირადად ესტუმრა მას მიხეილ სააკაშვილი, მაშინდელი პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წელი, სამი წელი იყო გასული რუსეთ-საქართველოს ომიდან. მაშინ, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიების 20 პროცენტი, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად“, – განაცხადა კობახიძემ.