ივანიშვილმა საქართველოს გარუსება გადაწყვიტა - ხაბეიშვილი ხალხს ყვარელსა და თბილისში აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს

20.05.23 16:14
ივანიშვილმა საქართველოს გარუსება გადაწყვიტა - ხაბეიშვილი ხალხს ყვარელსა და თბილისში აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ყვარელში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ბოლომდე გარუსება გადაწყვიტა , ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ქართველი ხალხი დადგეს ერთად.

"მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ, მოხვიდეთ აქციაზე დედაქალაქში, ვისაც შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ყვარელში და აუცილებელია ადგილზე გაპროტესტება. ჩვენ ვნახეთ ნიღბიანი ზონდერების, რუსული პარტიის მიგზავნილი ზონდერების ძალადობრივი ქმედებები ანტიპუტინისტურ აქციაზე ყვარელში. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ბოლომდე გარუსება, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ქართველი ხალხი დადგეს ერთად და ჩვენ ყველამ ერთად გადავდოთ აბსოლუტურად ყველა განსხვავება რაც კი არსებობს, პოლიტიკური, მოქალაქეობრივი, საქმიანი, ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ, როცა საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენ სამშობლოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალს", - ამბობს ხაბეიშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ყვარელში, მოქალაქეები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის, სიძის ძმის ქორწილის საქართველოში გადახდას აპროტესტებენ.

აქციას მართავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. დაკავებულია 16 ადამიანი.