ეს არის ქსენოფობიური კამპანია - კობახიძე ყვარელში მიმდინარე აქციაზე

20.05.23 16:25
ეს არის ქსენოფობიური კამპანია - კობახიძე ყვარელში მიმდინარე აქციაზე

იმყოფება თუ არა ლავროვის შვილი ან ვინმე სანქცირებული პირი საქართველოში - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.

"ოცნების" თავმჯდომარე თვლის, რომ საქართველოში რუსების წინააღმდეგ "ქსენოფობიური კამპანია" მიმდინარეობს და სწორედ ამას ემსახურება ყვარელში მიმდინარე აქციაც.

"მე ვერ გეტყვით ამას, ვეყრდნობი ამ შემთხვევაში სასტუმროს ინფორმაციას. მე არ მაქვს ამაზე დაზუსტებული მონაცემები.

რეალურად არის ქსენოფობიური კამპანია – მეოთხე ტალღა. შეგახსენებთ, შარშან მათ ჰქონდათ სამი მცდელობა, რომ აეგორებინათ ასეთი კამპანიები. ეს იყო თავიდან, როცა დაიწყო ომი და როცა შემოვიდა გარკვეული ნაკადი ადამიანებისა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. შემდეგ ეს უკავშირდებოდა ტურისტულ სეზონს და შემდეგ უკავშირდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზაციის გამოცხადებას. ეს იყო სამი სხვადასხვა მცდელობა, რომ გამოეწვიათ ემოციები, ქსენოფობიური კამპანია გააღვივეს, თუმცა მაშინ ისინი იყვნენ წარუმატებლები და მე მგონია, მომავალშიც წარუმატებელი იქნება ეს კამპანია, გამომდინარე იქიდან, რომ ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება, ასე ვიტყოდი. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის". - ამბობს კობახიძე.