ზურაბიშვილის და ხოშტარიასნაირი ბნელებისთვის დაიწერა "სტუმარ-მასპინძელი" - კობახიძე
"ქართული ოცნების" ახალი იერიში პრეზიდენტზე - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს სანქცირეული ლავროვის ოჯახის ქორწილის ჩაშლის შესახებ განცხადების გამო აკრიტიკებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე პრეზიდენტს "ბნელს" უწოდებს და მას ბრალს ქსენოფობიური კამპანიის გავრცელებაში სდებს. კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება სამარცხვინო იყო.
იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც დანაშუალი აქვს ჩადენილი კონკრეტულად რაიმეში და არც არაფერი, საქართველოში არის, უბრალოდ, ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე, თქვენ იცით, რომ სტუმარ-მასპინძელი ვაჟა-ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში, მაშინ მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის, ეხებოდა ეს საქართველოსაც. ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში, ასეთი ბნლებისთვის დაწერა მე-19 საუკუნეში ვაჟა-ფშაველამ სტუმართ-მანსპინძელი. როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილი მეორე დღის ჩაშლას აფასებს ის ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის, უბრალოდ, სამარცხვინო. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ. მან თავის უფლებამოსილებებს მიხედოს, ის სჯობია. საქართელოში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს არ აქვს უფლება ხალხის სახელით ისაუბროს, მითუმეტეს, ის არის თავიდან ბოლომდე აცდენილი იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას დაუჭირა მხარი, - ამბობს კობახიძე.