ელენე ხოშტარიამ წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა

21.05.23 16:16
ელენე ხოშტარიამ წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა

"დროას"  ლიდერი თავისუფალია. ელენე ხოშტარიამ წინასწარი დაკავების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. 

რაც ჩვენ ვიხილეთ ყვარელში გუშინწინ, ეს იყო პირდაპირ მოღალატეების მოქმედება, რომლებიც იცავდნენ ოკუპანტის უფლებას, ეცეკვა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ისინი გასცდნენ არამხოლოდ კონსტიტუციას და კანონს, რასაც ხშირად აკეთებდნენ, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა ქართველს, ყველა დაღუპულ გმირს, საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამის შემდეგ მათ ძალისმიერად შეურაცხმყოფელად დააკავეს აქტივისტები, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ღირსებას. შესაბამისად, სრულიად შეგნებულად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იქნება სულ ასე.

მე მივედი და დავუპირისპირდი პოლიციის თანამშრომელს სრულიად შეგნებულად  და ვითხოვდი კონკრეტულად იმ მომენტში ადვოკატის შეშვებას აქტივისტებთან. ეს არის ის პასუხი, რომელსაც მიიღებენ ყოველ ჯერზე. პოლიციელობა არ არის უბრალოდ ფორმის ქონა, პოლიციელობა არ არის, უბრალოდ ემსახურო ივანიშვილს და ლავროვს. პოლიციელობა არის დაიცვა ქვეყნის ღირსება და დაიცვა კანონი. რაც მათ დაარღვიეს და ამაზე ყოველთვის იქნება რეაქცია. 

ადვოკატს არ ურეკავდნენ, ოჯახში არ მარეკინებდნენ - ამაში ცხოვრობენ ჩვენი აქტივისტები წლების განმავლობაში, ამაში ახალი არაფერი არ არის... მათ შორის დრესაც უარი ვთქვი სასამართლოში წასვლაზე. არ ვაპირებ მე ამათთან თანამშრომლობას, - თქვა ხოშტარიამ. 

ოპოზიციონერი ლიდერი  20 მაისს თელავის პოლიციასთან დააკავეს. ის ყვარელში დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა. ყვარელში მოქალაქეები ქვეყანაში ლავროვის სანქცირებული შვილის შემოსვლას აპროტესტებდნენ.