ოლიგარქები, რუსი მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები - ოპოზიცია სანქცირებულთა რეესტრის შექმნას ითხოვს
ოპოზიცია სანქცირებულების რეესტრის შექმნას ითხოვს. საუბარია, ოლიგარქებზე, რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებზე, ვინც უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო დასავლეთმა დაასანქცირა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ პერსონალური სანქციების ქვეშ მყოფ პირებს, ვისაც ამერიკასა და ევროკავშირში კარი ჩაუკეტეს, არც საქართველოში უნდა ჰქონდეთ შემოსვლის და თავისუფლებად გადაადგილების უფლება.
"ვინ იქნება შემდეგი, ამ ხელისუფლების პირობებში, თავად ლავროვი, რომელიც არქიტექტორია 2008 წლის ომის, გენოციდის, ჩვენი მოქალაქეების დახოცვის, უკრაინის ომის და რომელიც ამბობს, რომ ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ვის ველოდოთ საქართველოში შემდეგს. ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მომავალშიც არ შემოვლენ საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირები, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააინიცირა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", - ამბობს, "ენმ - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.
ცნობილია, რომ საკანონმდებლო ინიციატივას, უკვე ერთი წელია "ქართული ოცნება" პარლამენტში ბლოკავს. გუშინ მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არანაირი სანქცირებულების რეესტრი არ მოქმედებს.