ქაჯები, ცოფიანი ნადირები, ქუჩაში ვერ ივლით! - მეუფე იაკობი ქართველ პოლიტიკოსებს ემუქრება

22.05.23 14:25
ქაჯები, ცოფიანი ნადირები, ქუჩაში ვერ ივლით! - მეუფე იაკობი ქართველ პოლიტიკოსებს ემუქრება

"ქუჩაში ვერ ივლით!" - მეუფე იაკობი იმ ქართველ პოლიტიკოსებს ემუქრება, რომლებიც რუსეთთან ავია-მიმოსვლის გამო ქუჩაში გამოვიდა და აქციას მართავს. 

ბოდბელი ეპისკოპოსი ამბიონიდან "ქაჯებს და ცოფიან ნადირებს" უწოდებს მათ, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა. 

ვითომ ქართველებო, ვერ გაგვტეხავთ! ბოლოს და ბოლოს ჩვენც ჩავთვლით, რომ ჩვენც გვებრძვით და ჩვენც შეგვიძლია ბრძოლა, არ გაქვთ ავტორიტეტი და ქუჩაში ვერ ივლით"- აცხადებს სასულიერო პირი. 

მისი თქმით, მათ ვინც "ქუჩაში დარბის" 20% რუსეთს ჩააბარა: 

შენ ის არ ხარ, 20% რომ ჩააბარე? გაყვეს საქართველო - რუსეთს მისცეს ბაზები და აქეთ არის დანარჩენი საქართველო დარჩენილი. 

ჩვენ ხომ ჩვენს ძმა აფხაზებთან და ოსებთან არ გვინდა ომი და დავიდარაბა. აბა წარმოიდგინეთ, უკრაინაში რაც ხდება, საქართველოც რომ მოხდეს. რუსეთის ბაზებიდან დანარჩენი საქართველო დაბომბონ და აქედან კიდევ რუსეთის ბაზები ბომბონ, ხომ მარტო საქართველო ნადგურდება? რამდენი კაცი დარჩება საქართველოში მცხოვრები, ამას ხომ უნდა ვუყუროთ. 

დღეს რომ გამოდიან და იძახიან, რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ საქართველოზე გადაწყვეტილება, ის კანდიდატის სტატუსი მოგცენ თუ არ მოგცენ. დღეს რომ ყვირიან რუსზეა გაყიდული მთავრობა, მთავრობა რუსია, რუსია, რუსიაო, ევროპაში მერე გეტყვიან, ახლა უყურებენ, ხალხი გამოდის და დაიჯერებენ, ამათ დაუჯერებენ და ესე იგი, ახალგაზრდობასაც რომ იყოლიებენ, მე მინდა რომ ახალგაზრდობამ გადახედოს, ვისი ბრალი იქნება რომ არ მოგვცენ, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება? ესე იგი ვინ გამოდის რუსი? ეს ვის აწყობს, საქართველო რომ მძიმე მდგომარეობაში იყოს. ევროპა თუ იძახის და დასავლეთი თუ იძახის, რომ რუსს აწყობს, მაშინ ესენი ვინ გამოდიან, რომლებიც წინა დღეებში დარბოდნენ იმასავით, მაპატიეთ გამოთქმისთვის, ქაჯებივით, ცოფიანი ნადირებივით დარბოდნენ. შეიძლება ასე? შეიძლება საქართველო ასეთ სიტუაციაში ჩავაყენოთ? ვინ ხართ, რა ავტორიტეტი გაქვთ ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ ვის უპირისპირდებით. არ გეშინიათ? ღმერთი კაი, არა გწამთ, მაგრამ ხალხის არ გეშინიათ? ვისი სახელით ლაპარაკობთ?"

ჩვენ, ქართველებს არჩეული გვაქვს გზა, და ეს არის ქრისტეს გზა, ვინ გვეძახის, რომ რუსები ვართ - ისინი, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ ეკლესიები დაკეტეთო? თუ რამე ქართული იყო, ყველაფერი რუსეთს მისცეს, ბენდუქიძე რუსეთის წარმომადგენელი იყო, რომ ამბობენ, ნიჭიერი კაცი იყოო. რა მივიღეთ მისი ნიჭით?