ფული პარტიულ სალაროში მიდის - სამხედრო ექსპერტები თავდაცვის სამინისტროში ჯილდოებად გაცემული მილიონებზე
5 მილიონ ლარზე მეტი სახელფასო დანამატებისთვის თავდაცვის სამინისტროში - სამხედრო ექსპერტებს აინტერესებთ, რატომ დაიხარჯა მილიონები უწყების თანამშრომლების ხელფასებში და რატომ არ გამოიყენეს ეს თანხა ჯარისკაცების საჭიროებებისთვის.
დარღვევებს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაკვლია - ირკვევა, რომ გრიფით საიდუმლო ბრძანებით ჯუანშერ ბურჭულაძის უწყებამ 5 მილიონ ლარზე მეტი 83 თანამშრომელს გადაუხადა, თუმცა ვერ დაასაბუთა რა სამუშაოს შესრულებისთვის.
"იმ ფონზე, როცა გამუდმებით თავდაცვის სამინისტრო მსჯელობს იმაზე და პრეტენზიას აყენებს, რომ თანხების უკმარისობა არის უწყებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ თანხები იფლანგება. ამ შემთხვევაში უკვე სიპებში ირიცხება და ეს იმას ნიშნავს, რომ მიდის პარტიულ სალაროში ეს თანხები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათელყოფს იმას, რომ არის უბრალო ქურდობა. ეს არის არის იამზე, რომ რაღაც ხელფასებზეა, პრემიებზეა გაწერილი, ჩვეულებრივი თანხის წაღება არის, მოსწრებაზეა. შეუძლიათ არამარტო 5 მილიონი, 160 ათასი მოიპარონ, შეუძლიათ 10 მილიონი მოიპარონ, ოღონდ თავი დაანებონ ამ ქვეყანას, ნუ ცვლიან ვექტორს, ნუ ცდილობენ, რომ რუსეთში შეტენონ საქართველო" - აცხადებს მამუკა ყურაშვილი.
აკია ბარბაქაძე "პირველებთან" ამბობს, რომ ამ ფონზე გამოცდილი სამხედროები ქვეყანას სწორედ დაბალი ხელ-ფასების და გაჭირვების გამო ტოვებენ.
"რისკი არის ნათელი, რომ გარბიან სამხედრო მოსამსახურეები დაბალი ანაზღაურების გამო და ვკარგავთ კვალიფიციურ სამხედროებს, კადრებს, რომლებზეც მრავალი ათასი ლარი არის დახარჯული, თუ არა მილიონები, მათ განათლებაზე, აღზრდაზე და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. მეტია ახსნაა საზოგადოებისათვის საჭირო, თუ რაში რა იხარჯება, რატომ არა გვაქვს თავდაცვის აირსაწინააღმდეგო სისტემებით გადახურული მთლიანად ცა, სად არის უპილოტო საფრენი თვითმფრინავები, რომელსაც ასე ზარ-ზეიმით გვამცნობდნენ, რომ უნდა გამოეშვათ და უნდა ყოფილიყო, რამდენი საფრენი აპარატი გამოუშვეს მაინტერესებს და რამდენი მიიღო შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვისთვის" - აკია ბარბაქაძე.