რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან - ოპოზიცია პასუხებს ითხოვს
რა სახის საიდუმლო მოლაპარაკებები უძღოდა წინ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას - საგანგებო ბრიფინგი ამ თემაზე პარლამენტში ქალმა დეპუტატებმა გამართეს.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ნებართვის გარეშე საქართველოში ვერც ვერ შემოვიდოდნენ ვერც სანქცირებული ლავროვის, სანქცირებული შვილი და სიძე.
"ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და საგანგაშოა, ფარული კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ფრენების აღდგენა, საზღვაო ტვირთების გადაზიდვისთვის ახალი, რუსეთისკენ მარშრუტების განახლება და ასევე, ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლა, ვერ მოხდებოდა კოორდინაციის გარეშე. ხაზს ვუსვამ, ეს არის ზუსტად საქართველოს უსაფრთხოების, გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა.
ჩვენ, 7 დეპუტატი კითხვებით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე და ღიად მოვითხოვთ პასუხებს, რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან - როდის დაიწყო ფარული მოლაპარაკებები და რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ, ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ არცერთ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონიათ წინასწარ ინფორმაცია. იცოდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა მოლაპარაკებების შესახებ და ხორციელდება თუ არა დღემდე ფარული ვიზიტები მოსკოვში, რაც ასევე საგანგაშოა", - განაცხადა დეკანოიძემ.