2 დაღუპული და 4 დაშავებული რუსი ჯარისკაცი - რა ვითარებაა ბელგოროდში

23.05.23 11:07
2 დაღუპული და 4 დაშავებული რუსი ჯარისკაცი - რა ვითარებაა ბელგოროდში

რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში გუშინ დაბომბვის შედეგად, ორი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი - დაშავდა, - ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხი „Осторожно, новости“ ავრცელებს.

„ჩვენი ინფორმაციით, გუშინ, დივერსანტების ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შემოსვლისას, გრაივორონსკის რაიონი უკრაინის ტერიტორიიდან მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაბომბეს. თავდასხმა განხორციელდა დახურულ სამხედრო ქალაქზე, ე.წ. ბელგოროდ-22-ზეც. ობიექტის დაბომბვის შედეგად ორი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ ოთხი დაშავდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გუშინ რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები შეიჭრნენ. მათივე ინფორმაციით, ბელგოროდში FSB-სა და შსს-ს შენობებსაც დაარტყეს.

ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში ჯერ არ დაბრუნდნენ.