იდენთიფიცირებულია კაცი, რომელსაც ტაქსის მძღოლის სასტიკი მკვლელობის გამო ეძებენ

23.05.23 17:46
იდენთიფიცირებულია კაცი, რომელსაც ტაქსის მძღოლის სასტიკი მკვლელობის გამო ეძებენ

"პირველების" ინფორმაციით, კაცი, რომელსაც 54 წლის შოთა ლორიას მკვლელობის გამო ეძებენ, როიალ ფირიევია. რაც შეეხება, სასტიკი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს, აბაზოვების სახლში პოლიცია რამდენიმე წუთის წინ ისევ გამოჩნდა. 

სამართალდამცავები ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, მარნეულში გამოკითხვების სერია დაიწყო. 

54  წლის კაცი 20 მაისს მოკლეს. საქმის მასალების თანახმად, 3-მა ახალგაზრდამ ტაქსის მძღოლს ავტომანქანა გააჩერებინა და მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებულები უკანონოდ დაუფლებული ავტომობილით მარნეულის მუნიციპალიტეტში, თავიანთ სახლში წავიდნენ და იქვე მდებარე საკუთარ ავტოსახელოსნოში, კვალის დაფარვის მიზნით, აღნიშნული ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს.

ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.