რუსეთთან ახლად მოხსნილი სანქციების უკან დაბრუნება შეიძლება, სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს - ვოლსკი
"ოცნების" წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ რუსეთთან ახლად მოხსნილი სანქციების უკან დაბრუნება შეიძლება, სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ამიტომაც, მისთვის მოსაწონია პრემიერის განცხადებები, რომელიც ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.
ვოლსკი ამბობს, რომ პრემიერი გულახდილი იყო და ზოგიერთივით არ კეკლუცობს.
"ახლად მოხსნილი სანქციების უკან დაბრუნება, თან ჩვენი ინიციატივით არა თუ დაგვაზიანებს, არამედ ისეთ დარტყმას მოგვაყენებს, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში ვერ მოინელებს და ეს შეიძლება კიდევ ფიზიკურ სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. რეალურ სიტუაციაზე ლაპარაკობს პრემიერი, გულახდილია და ზოგიერთივით არ კეკლუცობს ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე და არ გამოდის ცრუ ინფორმაციით და რაღაცნაირი დაპირისპირებებით. ელჩი გაიწვიეს ქვეყნიდან იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში და ამაზე მეტი რა გინდათ" - გია ვოლსკი.